გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 42 კორ. 4:1–6 · დას. 175

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

2 კორ. 4:1–6 · დას. 175 · მთ. 24:13–28 · დას. 99 · ეფ. 6:10–17 · დას. 233 · ლკ. 21:12–19 · დას. 106

1 სექტემბერი 2089ხმა 1

მკითხველი

2 კორ. 4:1–6 · დას. 175

რიგისა

4:1 ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,

2 არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.

3 ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,

4 რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.

5 რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს.

6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.

მთ. 24:13–28 · დას. 99

რიგისა

24:13 ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

14 და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.

15 რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.

16 მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.

17 და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.

18 და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.

19 ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!

20 არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა.

21 რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.

22 და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.

23 მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ.

24 რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.

25 აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ.

26 უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.

27 რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.

28 რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.

ეფ. 6:10–17 · დას. 233

მოწ.

6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,

11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.

12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.

13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.

15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.

16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;

17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;

ლკ. 21:12–19 · დას. 106

მოწ.

21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.