ინ. 21:15–25 · დას. 67
ხსენებისა
21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.
16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
რომ. 11:25–36 · დას. 107
რიგისა
11:25 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს.
26 და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი.
27 და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.
28 სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს.
29 რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.
30 რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა,
31 ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ.
32 რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს.
33 ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!
34 რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?
35 ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?
36 რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მთ. 12:1–8 · დას. 44
რიგისა
12:1 მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
2 ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
3 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
4 ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
5 ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
6 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
7 უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.
8 უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
იუდ. 1:1–10 · დას. 77
მოც.
1:1 იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,
2 წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.
3 საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.
4 რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.
5 მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა.
6 ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.
7 ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს.
8 ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.
9 ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!
10 გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.
ინ. 14:10–21 · დას. 48
მოც.
14:10 არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.
11 გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.
12 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.
13 და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.
14 და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.
15 უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
16 და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.
17 სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.
18 არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
19 მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.
20 მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.
21 რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.