მკ. 16:1–8 · დას. 70
აღდგომის მე-2 სახარება
16:1 და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.
2 და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა.
3 და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.
5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
6 ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
8 და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
1 კორ. 6:12–20 · დას. 135
რიგისა
6:12 ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.
13 საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.
14 ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.
15 არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!
16 არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
17 ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.
18 ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.
19 არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
20 რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.
ლკ. 15:11–32 · დას. 79
რიგისა
15:11 მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.
12 და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი.
13 და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით.
14 და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.
15 და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.
16 და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.
17 და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.
18 აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა,
19 და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.
20 და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.
21 და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.
22 ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.
23 და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,
24 რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.
25 და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ.
26 და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?
27 ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.
28 ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას.
29 და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.
30 და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.
31 ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.
32 ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.
ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330
ღირ.
11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;
34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.
35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.
36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;
37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,
38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.
39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.
12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.
2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.
ლკ. 12:8–12 · დას. 64
ღირ.
12:8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.
11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,
12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.