1 თეს. 1:1–5 · დას. 262
რიგისა
1:1 პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
2 ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა.
3 მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა.
4 უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი,
5 რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე.
ლკ. 10:22–24 · დას. 52
რიგისა
10:22 და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.
23 და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის.
24 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.
გალ. 1:11–19 · დას. 200
მოც.
1:11 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
12 და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.
13 რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
14 და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.
15 ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა
16 გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,
17 არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
18 და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
19 ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
მთ. 13:54–58 · დას. 56
მოც.
13:54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55 ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
56 და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
57 და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
58 და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.