1 კორ. 4:5–8 · დას. 130
რიგისა
4:5 ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.
6 ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.
7 რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?
8 აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!
მთ. 13:44–54 · დას. 55
რიგისა
13:44 კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
45 მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
46 და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
47 მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
48 და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.
49 ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა
50 და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
51 ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
52 და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
53 და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
1 კორ. 13:4 – 14:5 · დას. 154
მოწ.
13:4 სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,
5 არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი,
6 არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;
7 ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.
8 სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.
9 რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ.
10 ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.
11 ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.
12 რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
13 ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.
14:1 შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ.
2 რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.
3 ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.
4 რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს.
5 მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.
ლკ. 10:16–21 · დას. 51
მოწ.
10:16 რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
17 და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.
18 ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.
19 აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს.
20 ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.
21 მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.