გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 10:9–16 · დას. 36

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ინ. 10:9–16 · დას. 36 · იაკ. 3:1–10 · დას. 54 · მკ. 11:11–23 · დას. 50 · რომ. 13:1–10 · დას. 111 · ინ. 9:39 – 10:9 · დას. 35

8 თებერვალი 2084ხმა 3

მკითხველი

ინ. 10:9–16 · დას. 36

ხსენებისა

10:9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

იაკ. 3:1–10 · დას. 54

რიგისა

3:1 ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.

2 რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.

3 უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.

4 აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.

5 ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!

6 და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.

7 რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.

8 ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,

9 რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.

10 მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.

მკ. 11:11–23 · დას. 50

რიგისა

11:11 და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.

13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.

14 და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.

16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.

17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

18 და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.

20 და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან.

21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.

22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:

23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

რომ. 13:1–10 · დას. 111

წმ. მეფ.

13:1 ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.

2 ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.

3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,

4 რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.

5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.

6 ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.

7 მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.

8 ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,

9 ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.

ინ. 9:39 – 10:9 · დას. 35

წმ. მეფ.

9:39 და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.

40 ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?

41 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

10:1 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.

2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.

3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.

4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.

5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.

6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.

7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.

8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.

9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.