1 ტიმ. 5:22 – 6:11 · დას. 287
რიგისა
5:22 ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე.
23 ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.
24 რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.
25 ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.
6:1 რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.
2 რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
3 უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა,
4 განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი,
5 გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან.
6 ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით.
7 რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების.
8 ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ.
9 ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად.
10 რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
11 ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა;
ლკ. 15:1–10 · დას. 78
რიგისა
15:1 და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.
2 და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.
3 და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:
4 ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი?
5 და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;
6 და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.
7 გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.
8 გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?
9 და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე.
10 გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292
მოწ.
2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,
2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.
4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.
6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.
7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.
8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,
9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
ლკ. 12:2–12 · დას. 63
მოწ.
12:2 ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.
3 ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
4 ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.
5 ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.
6 ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.
7 არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.
8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.
11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,
12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.