2 პეტ. 1:1–10 · დას. 64
რიგისა
1:1 სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა.
2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა!
3 რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა;
4 რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.
5 და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ,
6 და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ
7 და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა – სიყუარული.
8 რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა.
9 ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ.
10 ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.
მკ. 13:1–8 · დას. 58
რიგისა
13:1 და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ!
2 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
3 და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:
4 მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?
5 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ.
6 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ.
7 რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
8 რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
საქ. 12:1–11 · დას. 29
მოც.
12:1 მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა
2 და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.
3 და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.
4 და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.
5 და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
6 რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.
7 და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
8 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.
9 და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
10 და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.
11 და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.
ინ. 21:15–25 · დას. 67
მოც.
21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.
16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.