გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4გალ. 2:6–10 · დას. 201

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

გალ. 2:6–10 · დას. 201 · მკ. 5:22–24, 35 – 6:1 · დას. 20 · რომ. 8:28–39 · დას. 99 · ინ. 15:1–7 · დას. 50

15 სექტემბერი 2079ხმა 4

მკითხველი

გალ. 2:6–10 · დას. 201

რიგისა

2:6 ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.

7 არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.

8 რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.

9 და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.

10 გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.

მკ. 5:22–24, 35 – 6:1 · დას. 20

რიგისა

5:22 და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

23 და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს.

24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

35 და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

36 ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო.

37 და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი.

38 და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი.

39 და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40 და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმაჲ.

41 და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

42 და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

43 და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

6:1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.

რომ. 8:28–39 · დას. 99

მოწ.

8:28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;

30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.

31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?

32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?

33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.

34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.

35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:

36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,

39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

ინ. 15:1–7 · დას. 50

მოწ.

15:1 მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.

2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.

3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.

4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.

5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.

6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.

7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.