გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ლკ. 24:36–53 · დას. 114

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ლკ. 24:36–53 · დას. 114 · რომ. 12:6–14 · დას. 110 · მთ. 9:1–8 · დას. 29 · რომ. 8:28–39 · დას. 99 · მთ. 10:16–22 · დას. 36

23 ივლისი 2079ხმა 5

მკითხველი

ლკ. 24:36–53 · დას. 114

აღდგომის მე-6 სახარება

24:36 და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

37 ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.

38 და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?

39 იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.

40 და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.

41 და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?

42 ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.

43 და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ

44 და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.

45 მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.

46 და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.

47 და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,

48 რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.

49 და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.

50 და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.

51 და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.

52 და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.

53 და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.

რომ. 12:6–14 · დას. 110

რიგისა

12:6 ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა,

7 გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით;

8 გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით,

9 სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა;

10 ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით;

11 სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;

12 სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით;

13 საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით;

14 აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;

მთ. 9:1–8 · დას. 29

რიგისა

9:1 და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.

2 მაშინ მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.

3 და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.

4 იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?

5 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?

6 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!

7 და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.

8 იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.

რომ. 8:28–39 · დას. 99

მოწ.

8:28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;

30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.

31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?

32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?

33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.

34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.

35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:

36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,

39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

მთ. 10:16–22 · დას. 36

მოწ.

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.