გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4ებრ. 3:5–11, 17–19 · დას. 308

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ებრ. 3:5–11, 17–19 · დას. 308 · მკ. 10:46–52 · დას. 48 · საქ. 6:8 – 7:5, 47–60 · დას. 17 · მთ. 21:33–42 · დას. 87

9 იანვარი 2079ხმა 3

მკითხველი

ებრ. 3:5–11, 17–19 · დას. 308

რიგისა

3:5 და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა მათ.

6 ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.

7 ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ,

8 ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა,

9 სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი ორმეოც წელ.

10 ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი.

11 ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.

17 ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა?

18 ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ?

19 და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა.

მკ. 10:46–52 · დას. 48

რიგისა

10:46 და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად.

47 და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

48 და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

49 დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.

50 ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა.

51 მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი.

52 ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

საქ. 6:8 – 7:5, 47–60 · დას. 17

პირველმოწ.

6:8 ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის.

9 აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა,

10 და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი.

11 მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა.

12 და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,

13 და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,

14 რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.

15 და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.

7:1 ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?

2 ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:

3 გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.

4 მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.

5 და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი.

47 ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.

48 არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს:

49 ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?

50 ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?

51 ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.

52 რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით,

53 რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ.

54 ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა.

55 ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა.

56 და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა.

57 ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;

58 და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.

59 და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი.

60 დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.

მთ. 21:33–42 · დას. 87

პირველმოწ.

21:33 სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.

36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.

38 ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.

39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.

40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ?

41 ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.

42 ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.