რომ. 16:1–16 · დას. 120
რიგისა
16:1 შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა,
2 რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა.
3 კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ,
4 რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი.
5 კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.
6 კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.
7 კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ.
8 კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ.
9 კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანა-შემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა.
10 კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტუვულესგანთა მათ.
11 კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ.
12 კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ.
13 კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა.
14 კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის და მათ თანათა მათ ძმათა.
15 კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა.
16 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.
მთ. 13:3–9 · დას. 50
რიგისა
13:3 და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
4 და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
5 და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ,
6 მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
7 და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
8 და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა.
9 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
ფილიპ. 3:20 – 4:3 · დას. 246
მღვდელმოწ.
3:20 ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,
21 რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.
4:1 ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.
2 ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;
3 ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.
ლკ. 14:25–35 · დას. 77
მღვდელმოწ.
14:25 და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:
26 რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
27 და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
28 ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.
29 ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა
30 და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.
31 ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა?
32 უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით.
33 ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
34 კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?
35 არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!