რომ. 2:28 – 3:18 · დას. 83
რიგისა
2:28 რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ,
29 არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან.
3:1 რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ?
2 ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი.
3 არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა?
4 ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.
5 უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.
6 ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
7 უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?
8 და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
9 აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.
10 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,
11 არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;
12 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე.
13 სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა,
14 რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს.
15 მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა;
16 შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა;
17 და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს.
18 არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.
მთ. 6:31–34; 7:9–11 · დას. 19
რიგისა
6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?
32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
34 ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.
7:9 ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?
10 გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?
11 უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!
გალ. 1:11–19 · დას. 200
მოც. სწ.
1:11 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
12 და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.
13 რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
14 და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.
15 ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა
16 გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,
17 არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
18 და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
19 ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
ინ. 10:1–9 · დას. 35
მოც. სწ.
10:1 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.
3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.
4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.
5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.
6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.
8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.
9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.