საქ. 8:26–39 · დას. 20
რიგისა
8:26 ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.
27 და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ,
28 და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა.
29 ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.
30 და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?
31 ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.
32 ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.
33 სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.
34 მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე?
35 აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს.
36 და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?
37 ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.
38 და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.
39 და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.
ინ. 6:40–44 · დას. 22
რიგისა
6:40 რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
41 დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ,
42 და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?
43 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას.
44 ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
1 კორ. 4:9–16 · დას. 131
მოც.
4:9 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
10 ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.
11 ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,
12 რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;
13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.
14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.
15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.
16 გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.
მთ. 13:54–58 · დას. 56
მოც.
13:54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55 ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
56 და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
57 და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
58 და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.