გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ლკ. 7:17–30 · დას. 31

დღის საკითხავები

ზატიკი

ლკ. 7:17–30 · დას. 31 · საქ. 17:16–34 · დას. 40 · ინ. 12:17–50 · დას. 42 · 2 კორ. 4:6–15 · დას. 176 · მთ. 11:2–15 · დას. 40

6 ივნისი 2073ხმა 5

მკითხველი

ლკ. 7:17–30 · დას. 31

ხსენებისა

7:17 და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.

18 და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.

19 და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?

20 და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?

21 მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.

22 და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.

23 და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.

24 და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?

25 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.

26 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.

27 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

28 რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.

29 და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.

30 ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან.

საქ. 17:16–34 · დას. 40

რიგისა

17:16 ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.

17 ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.

18 რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.

19 შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?

20 რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.

21 ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.

22 მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.

23 რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,

24 ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,

25 არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.

26 და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;

27 და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა.

28 რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.

29 აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.

30 რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;

31 ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.

32 ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.

33 და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.

34 ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არიოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.

ინ. 12:17–50 · დას. 42

რიგისა

12:17 და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,

18 ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.

19 ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.

20 იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას.

21 ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.

22 მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.

23 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.

24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს.

25 რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.

26 უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.

27 აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.

28 მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.

29 ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.

30 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.

31 აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.

32 და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.

33 ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად.

34 მიუგო მას ერმან მან და ჰრქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?

35 ჰრქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.

36 ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.

37 და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.

38 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

39 ამისთჳს ვერ ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია:

40 დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.

41 ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.

42 ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.

43 რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.

44 ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.

45 და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.

46 მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.

47 და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.

48 ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.

49 რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.

50 და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყჳ.

2 კორ. 4:6–15 · დას. 176

ნათლისმცემ.

4:6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.

7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.

8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს.

9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.

10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.

11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;

12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.

13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.

14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.

15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.

მთ. 11:2–15 · დას. 40

ნათლისმცემ.

11:2 ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი

3 და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?

4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:

5 ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.

6 და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.

7 და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?

8 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.

9 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.

10 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.

11 ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.

12 რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.

13 რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.

14 და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.

15 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!