გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4რომ. 13:1–10 · დას. 111

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

რომ. 13:1–10 · დას. 111 · მთ. 12:30–37 · დას. 47 · რომ. 8:28–39 · დას. 99 · მთ. 10:16–22 · დას. 36

23 ივლისი 2072ხმა 6

მკითხველი

რომ. 13:1–10 · დას. 111

რიგისა

13:1 ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.

2 ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.

3 რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,

4 რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.

5 ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.

6 ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.

7 მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.

8 ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,

9 ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

10 სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.

მთ. 12:30–37 · დას. 47

რიგისა

12:30 რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.

31 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.

32 და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.

33 ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.

34 ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.

35 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.

36 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.

37 რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.

რომ. 8:28–39 · დას. 99

მოწ.

8:28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;

30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.

31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?

32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?

33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.

34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.

35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:

36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,

39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

მთ. 10:16–22 · დას. 36

მოწ.

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.