ებრ. 5:11 – 6:8 · დას. 312
რიგისა
5:11 რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.
12 და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა.
13 რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებნ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისასა, რამეთუ ჩჩჳლ არს.
14 ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.
6:1 ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ,
2 ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ჴელთაჲსა და აღდგომისა მკუდართაჲსა და საშჯელისა მის საუკუნოჲსა.
3 და ესე ვყოთ, უკუეთუ გჳბრძანოს ღმერთმან.
4 რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა
5 და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ
6 და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად.
7 რამეთუ ქუეყანამან რომელმან სჳს მარავალ გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ.
8 ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლოებლი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ.
ლკ. 21:5–7, 10–11, 20–24 · დას. 104
რიგისა
21:5 და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:
6 ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
7 ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?
10 მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;
11 და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
20 რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.
21 მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.
22 რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.
23 ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა.
24 და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.
ეფ. 6:10–17 · დას. 233
მოწ.
6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,
11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.
12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.
14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.
15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.
16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;
17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;
ლკ. 21:12–19 · დას. 106
მოწ.
21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.
13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.
15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.
16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.
17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.
18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.
19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.