ეფ. 2:19 – 3:7 · დას. 222
სამშაბათის რიგისა
2:19 ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,
20 აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,
21 რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ,
22 რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა.
3:1 ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს.
2 უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ,
3 რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე,
4 რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა,
5 რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,
6 რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,
7 რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.
ლკ. 5:12–16 · დას. 18
სამშაბათის რიგისა
5:12 და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
13 და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.
14 და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.
15 და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.
16 ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
ეფ. 3:8–21 · დას. 223
რიგისა
3:8 მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი
9 და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,
10 რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ
11 გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,
12 რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.
13 ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.
14 ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ,
15 რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,
16 რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,
17 დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,
18 სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
19 ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.
20 ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,
21 მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ლკ. 5:33–39 · დას. 21
რიგისა
5:33 ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
35 ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
36 და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.
37 და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38 არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39 და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.
ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330
მოწ.
11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;
34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.
35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.
36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;
37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,
38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.
39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.
12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.
2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.
მთ. 10:16–22 · დას. 36
მოწ.
10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.