ფილიპ. 2:24–30 · დას. 243
რიგისა
2:24 ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
25 უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,
26 ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა.
27 და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს.
28 მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო.
29 შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,
30 რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
ლკ. 5:33–39 · დას. 21
რიგისა
5:33 ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
35 ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
36 და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.
37 და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38 არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39 და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.
გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213
ღირ.
5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.
6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.
2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
ლკ. 6:17–23 · დას. 24
ღირ.
6:17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,
18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.
20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;
21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.