ინ. 21:15–25 · დას. 67
ხსენებისა
21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.
16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
საქ. 21:8–14 · დას. 45
რიგისა
21:8 ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა.
9 ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი.
10 და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს.
11 და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა.
12 ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ.
13 მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა.
14 ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!
ინ. 14:27 – 15:7 · დას. 49
რიგისა
14:27 მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.
28 გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს.
29 და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.
30 არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ.
31 არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.
15:1 მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.
2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.
3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.
5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.
6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.
7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.
1 კორ. 4:9–16 · დას. 131
მოც.
4:9 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
10 ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.
11 ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,
12 რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;
13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.
14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.
15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.
16 გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.
მთ. 13:54–58 · დას. 56
მოც.
13:54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55 ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
56 და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
57 და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
58 და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.