გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5მთ. 10:16–22 · დას. 36

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

მთ. 10:16–22 · დას. 36 · ებრ. 10:1–18 · დას. 323 · მკ. 8:30–34 · დას. 36 · 2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292 · ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

21 იანვარი 2065ხმა 8

მკითხველი

მთ. 10:16–22 · დას. 36

ხსენებისა

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

ებრ. 10:1–18 · დას. 323

რიგისა

10:1 რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.

2 უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,

3 არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,

4 რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა.

5 ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე.

6 საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე.

7 მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა.

8 ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან,

9 მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს.

10 რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.

11 და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა.

12 ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა

13 და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.

14 რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს,

15 ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის,

16 ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი

17 და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.

18 ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.

მკ. 8:30–34 · დას. 36

რიგისა

8:30 და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს.

31 და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

32 და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.

33 ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

34 და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292

მოწ.

2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,

2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.

3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.

4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.

5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.

6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.

7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.

8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,

9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

მოწ.

15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.

21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.

22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.