გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ლკ. 6:17–23 · დას. 24

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ლკ. 6:17–23 · დას. 24 · რომ. 9:18–33 · დას. 102 · მთ. 11:2–15 · დას. 40 · გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213 · მთ. 11:27–30 · დას. 43

10 ივლისი 2062ხმა 2

მკითხველი

ლკ. 6:17–23 · დას. 24

ხსენებისა

6:17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,

18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.

20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

რომ. 9:18–33 · დას. 102

რიგისა

9:18 აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.

19 ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?

20 აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?

21 ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?

22 უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,

23 და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად,

24 რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა?

25 ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად.

26 და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა.

27 ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს;

28 რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.

29 და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.

30 აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან.

31 ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.

32 რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა.

33 ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს.

მთ. 11:2–15 · დას. 40

რიგისა

11:2 ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი

3 და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?

4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:

5 ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.

6 და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.

7 და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?

8 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.

9 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.

10 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.

11 ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.

12 რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.

13 რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.

14 და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.

15 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213

ღირ.

5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,

23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.

24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.

25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.

26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.

6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

მთ. 11:27–30 · დას. 43

ღირ.

11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.

28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.

30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.