გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 81 პეტ. 4:1–11 · დას. 61

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

1 პეტ. 4:1–11 · დას. 61 · მკ. 12:28–37 · დას. 56 · 1 პეტ. 4:12 – 5:5 · დას. 62 · მკ. 12:38–44 · დას. 57 · ებრ. 4:14 – 5:6 · დას. 311 · მკ. 9:33–41 · დას. 41 · 2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292 · მთ. 10:16–22 · დას. 36

11 თებერვალი 2060ხმა 8

მკითხველი

1 პეტ. 4:1–11 · დას. 61

რიგისა

4:1 ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან,

2 რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად.

3 რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა.

4 რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ.

5 რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.

6 რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა.

7 ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად.

8 ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ.

9 სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა.

10 კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი.

11 რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მკ. 12:28–37 · დას. 56

რიგისა

12:28 და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?

29 ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;

30 და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.

31 და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.

32 ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;

33 და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.

34 და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.

35 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი?

36 რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

37 თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.

1 პეტ. 4:12 – 5:5 · დას. 62

ხუთშაბათის რიგისა

4:12 საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.

13 არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.

14 უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.

15 ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.

16 ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.

17 რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?

18 და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?

19 ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა.

5:1 ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.

2 იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.

3 ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.

4 და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი.

5 ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

მკ. 12:38–44 · დას. 57

ხუთშაბათის რიგისა

12:38 და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა,

39 და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ინაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა,

40 რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.

41 და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად.

42 და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე.

43 და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას;

44 რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.

ებრ. 4:14 – 5:6 · დას. 311

მღვდლმოწ.

4:14 მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ.

15 რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.

16 მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.

5:1 რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით.

2 და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;

3 და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.

4 და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.

5 ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ.

6 ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

მკ. 9:33–41 · დას. 41

მღვდლმოწ.

9:33 და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.

34 ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს?

35 და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.

36 და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ:

37 რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.

38 მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ.

39 ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.

40 რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.

41 რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292

მოწ.

2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,

2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.

3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.

4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.

5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.

6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.

7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.

8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,

9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

მთ. 10:16–22 · დას. 36

მოწ.

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.