გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7მკ. 16:9–20 · დას. 71

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

მკ. 16:9–20 · დას. 71 · გალ. 2:16–20 · დას. 203 · მკ. 8:34 – 9:1 · დას. 37 · 2 კორ. 1:21 – 2:4 · დას. 170 · მთ. 22:2–14 · დას. 89 · 2 კორ. 4:6–15 · დას. 176 · მთ. 11:27–30 · დას. 43

28 სექტემბერი 2059ხმა 5

მკითხველი

მკ. 16:9–20 · დას. 71

აღდგომის მე-3 სახარება

16:9 ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.

10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.

11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.

12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.

13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.

14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

15 და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.

16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.

17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,

18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.

20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.

გალ. 2:16–20 · დას. 203

ჯვართამაღლების შემდგომი კვირისა

2:16 და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.

17 უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!

18 რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.

19 რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.

20 ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.

მკ. 8:34 – 9:1 · დას. 37

ჯვართამაღლების შემდგომი კვირისა

8:34 და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

35 რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.

36 რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?

37 ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?

38 რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.

9:1 და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

2 კორ. 1:21 – 2:4 · დას. 170

რიგისა

1:21 რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,

22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.

23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.

24 არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.

2:1 და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.

2 რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?

3 და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.

4 რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.

მთ. 22:2–14 · დას. 89

რიგისა

22:2 ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.

3 და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.

4 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

5 ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.

6 ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.

7 ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.

8 მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.

9 წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.

10 და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.

11 ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

12 და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.

13 მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

14 რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.

2 კორ. 4:6–15 · დას. 176

ღირ.

4:6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.

7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.

8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს.

9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.

10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.

11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;

12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.

13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.

14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.

15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.

მთ. 11:27–30 · დას. 43

ღირ.

11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.

28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.

30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.