გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5მთ. 10:16–22 · დას. 36

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

მთ. 10:16–22 · დას. 36 · იაკ. 3:1–10 · დას. 54 · მკ. 11:11–23 · დას. 50 · 2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292 · ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

21 იანვარი 2053ხმა 7

მკითხველი

მთ. 10:16–22 · დას. 36

ხსენებისა

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

იაკ. 3:1–10 · დას. 54

რიგისა

3:1 ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.

2 რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.

3 უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.

4 აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.

5 ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!

6 და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.

7 რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.

8 ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,

9 რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.

10 მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.

მკ. 11:11–23 · დას. 50

რიგისა

11:11 და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.

13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.

14 და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.

16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.

17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

18 და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.

20 და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან.

21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.

22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:

23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292

მოწ.

2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,

2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.

3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.

4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.

5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.

6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.

7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.

8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,

9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

მოწ.

15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.

21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.

22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.