გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 20:1–10 · დას. 63

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ინ. 20:1–10 · დას. 63 · რომ. 15:1–7 · დას. 116 · მთ. 9:27–35 · დას. 33 · ებრ. 7:26 – 8:2 · დას. 318 · ინ. 10:9–16 · დას. 36

13 აგვისტო 2051ხმა 6

მკითხველი

ინ. 20:1–10 · დას. 63

აღდგომის მე-7 სახარება

20:1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.

2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.

3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.

4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.

5 და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.

6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.

7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.

8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.

9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.

10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.

რომ. 15:1–7 · დას. 116

რიგისა

15:1 ხოლო თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად.

2 კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად.

3 და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.

4 რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს.

5 ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ,

6 რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

7 ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.

მთ. 9:27–35 · დას. 33

რიგისა

9:27 და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!

28 და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

29 მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!

30 და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.

31 ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.

32 და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.

33 და ვითარცა განჴდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.

34 ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.

35 და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.

ებრ. 7:26 – 8:2 · დას. 318

წმ.

7:26 რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ.

27 რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა.

28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.

8:1 ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,

2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.

ინ. 10:9–16 · დას. 36

წმ.

10:9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.