რომ. 3:19–26 · დას. 84
რიგისა
3:19 ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,
20 რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.
21 ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,
22 ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,
23 რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,
24 ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.
25 რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა,
26 თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა.
მთ. 7:1–8 · დას. 20
რიგისა
7:1 ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
2 რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
3 ანუ რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?
4 ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!
5 ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
6 ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
7 ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
8 რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.
2 კორ. 6:1–10 · დას. 181
ღირ. მოწ.
6:1 ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.
2 რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.
3 ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,
4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა
5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა
6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,
7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,
8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;
10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
ლკ. 7:36–50 · დას. 33
ღირ. მოწ.
7:36 ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.
37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.
38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!
41 და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.
42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?
43 მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.
44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;
45 ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.
46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.
47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
48 და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
49 და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?
50 ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!