2 თეს. 2:13 – 3:5 · დას. 276
რიგისა
2:13 ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა,
14 რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
15 ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა.
16 ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით,
17 ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა კეთილითა.
3:1 ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,
2 და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.
3 ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.
4 ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.
5 ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.
ლკ. 13:1–9 · დას. 70
რიგისა
13:1 მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა.
2 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
3 გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ.
4 ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს?
5 გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.
6 და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.
7 და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად?
8 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა,
9 ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.
2 კორ. 6:1–10 · დას. 181
დიდმოწ.
6:1 ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.
2 რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.
3 ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,
4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა
5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა
6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,
7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,
8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;
10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
მთ. 15:22–28 · დას. 62
დიდმოწ.
15:22 და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.
24 ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
27 ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.
28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.