ინ. 20:11–18 · დას. 64
აღდგომის მე-8 სახარება
20:11 ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.
12 და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
13 და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
14 ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
15 ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
16 ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.
17 რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
18 მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
2 კორ. 11:31 – 12:9 · დას. 194
რიგისა
11:31 ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
32 დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;
33 და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.
12:1 უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა.
2 ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე.
3 და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა გინა თუ გარეშე ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის,
4 რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად.
5 ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა.
6 ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.
7 და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.
8 და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან.
9 და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.
ლკ. 6:31–36 · დას. 26
რიგისა
6:31 და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.
32 და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
33 და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
34 და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.
35 ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.
36 იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
საქ. 17:16–34 · დას. 40
მღვდელმოწ.
17:16 ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.
17 ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.
18 რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.
19 შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?
20 რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.
21 ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.
22 მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
23 რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,
24 ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,
25 არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.
26 და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;
27 და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა.
28 რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.
29 აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.
30 რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;
31 ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.
32 ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.
33 და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.
34 ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არიოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.
მთ. 13:44–54 · დას. 55
მღვდელმოწ.
13:44 კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
45 მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
46 და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
47 მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
48 და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.
49 ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა
50 და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
51 ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
52 და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
53 და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?