ლკ. 24:1–12 · დას. 112
აღდგომის მე-4 სახარება
24:1 ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა.
2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
7 და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
10 ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.
11 და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
12 ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.
2 კორ. 4:6–15 · დას. 176
რიგისა
4:6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.
7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.
8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს.
9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.
10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;
12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.
13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.
14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.
15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
მთ. 22:35–44 · დას. 92
რიგისა
22:35 და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
36 მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?
37 ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
38 ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
39 და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
40 ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
41 შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
42 და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
43 ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:
44 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
ებრ. 6:13–20 · დას. 314
წინასწარმეტ.
6:13 რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა;
14 და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ.
15 და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა.
16 რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს.
17 რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი,
18 რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,
19 რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,
20 სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.
მთ. 23:29–39 · დას. 96
წინასწარმეტ.
23:29 ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა,
30 და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.
31 ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.
32 და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.
33 გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?
34 ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,
35 რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
36 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
37 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!
38 აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.