მკ. 16:9–20 · დას. 71
რიგისა
16:9 ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.
10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.
12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.
13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.
14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
15 და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.
საქ. 1:1–8 · დას. 1
რიგისა
1:1 პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად.
2 ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,
3 რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,
4 და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
5 რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.
6 ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?
7 ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,
8 არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.
ლკ. 24:36–53 · დას. 114
რიგისა
24:36 და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
37 ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.
38 და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?
39 იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
40 და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.
41 და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?
42 ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.
43 და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ
44 და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.
45 მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.
46 და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.
47 და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,
48 რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.
49 და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.
50 და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
51 და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
52 და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.
53 და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.
საქ. 26:1–5, 12–20 · დას. 49
მოც. სწ.
26:1 ხოლო აღრიპა ჰქუა პავლეს: ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა:
2 ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳს-გებად უფროჲს-ღა.
3 რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩვეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი.
4 ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა.
5 წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტებისა მისებრ მსახურებისა სჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი.
12 რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთ მოძღუართაჲთა.
13 შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ.
14 და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაჲ დეზისაჲ.
15 და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.
16 არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ,
17 განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ,
18 ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ.
19 რომლისათჳს, მეფე აღრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა,
20 არამედ რომელნი იყვნეს დამასკეს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისა საქმე ქმნად.
ინ. 10:1–9 · დას. 35
მოც. სწ.
10:1 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.
3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.
4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.
5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.
6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.
8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.
9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.