რომ. 6:11–17 · დას. 92
რიგისა
6:11 ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.
12 ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა,
13 ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.
14 და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
15 აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!
16 არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა?
17 ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.
მთ. 8:14–23 · დას. 26
რიგისა
8:14 და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.
15 და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
16 და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა.
17 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
18 ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.
19 და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
20 ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
21 და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
22 ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
23 და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი.
ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330
მოწ.
11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;
34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.
35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.
36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;
37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,
38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.
39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.
12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.
2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.
ლკ. 21:12–19 · დას. 106
მოწ.
21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.
13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.
15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.
16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.
17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.
18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.
19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.