გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7ლკ. 24:36–53 · დას. 114

დღის საკითხავები

ღვთისმშობლის შობის შემდგომდღესასწაული

ლკ. 24:36–53 · დას. 114 · გალ. 6:11–18 · დას. 215 · ინ. 3:13–17 · დას. 9 · 2 კორ. 6:16 – 7:1 · დას. 182 · მთ. 15:22–28 · დას. 62 · რომ. 8:28–39 · დას. 99 · მთ. 10:16–22 · დას. 36

24 სექტემბერი 2045ხმა 8

დღის ხსენებანი (1)
  • ღვთისმშობლის შობის შემდგომდღესასწაული
კალენდრის წყარო: www.oca.org
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
მკითხველი

ლკ. 24:36–53 · დას. 114

აღდგომის მე-6 სახარება

24:36 და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

37 ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.

38 და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?

39 იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.

40 და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.

41 და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?

42 ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.

43 და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ

44 და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.

45 მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.

46 და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.

47 და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,

48 რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.

49 და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.

50 და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.

51 და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.

52 და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.

53 და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.

გალ. 6:11–18 · დას. 215

ჯვართამაღლების წინა კვირისა

6:11 აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.

12 რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.

13 რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.

14 ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.

15 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.

16 და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.

17 ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.

18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.

ინ. 3:13–17 · დას. 9

ჯვართამაღლების წინა კვირისა

3:13 და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.

14 და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ.

15 რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

16 რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

17 რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.

2 კორ. 6:16 – 7:1 · დას. 182

რიგისა

6:16 ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

17 ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.

18 და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.

7:1 ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.

მთ. 15:22–28 · დას. 62

რიგისა

15:22 და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.

24 ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

27 ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

რომ. 8:28–39 · დას. 99

მოწ.

8:28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;

30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.

31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?

32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?

33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.

34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.

35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:

36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,

39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

მთ. 10:16–22 · დას. 36

მოწ.

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.