ინ. 21:15–25 · დას. 67
ხსენებისა
21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.
16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
2 კორ. 4:1–6 · დას. 175
რიგისა
4:1 ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,
2 არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.
3 ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,
4 რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.
5 რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს.
6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.
მთ. 24:13–28 · დას. 99
რიგისა
24:13 ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
14 და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.
15 რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.
16 მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.
17 და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.
18 და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.
19 ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!
20 არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა.
21 რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.
22 და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.
23 მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ.
24 რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.
25 აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ.
26 უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.
27 რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
28 რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.
საქ. 1:12–17, 21–26 · დას. 2
მოც.
1:12 მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.
13 და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.
14 ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.
15 და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
16 (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,
17 რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.
21 ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,
22 იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.
23 და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია.
24 და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,
25 მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა.
26 და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.
ლკ. 9:1–6 · დას. 40
მოც.
9:1 და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ.
2 და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.
3 და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
4 და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.
5 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა.
6 და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.