მთ. 10:16–22 · დას. 36
ხსენებისა
10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
ებრ. 11:17–23, 27–31 · დას. 329
რიგისა
11:17 სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო,
18 რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.
19 ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი.
20 სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი.
21 სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
22 სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.
23 სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა.
27 სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა.
28 სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ.
29 სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს.
30 სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარე-მოდგომითა შჳდ დღე.
31 სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით.
მკ. 9:42 – 10:1 · დას. 42
რიგისა
9:42 და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა.
43 და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.
44 სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.
45 და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,
46 სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
47 და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.
48 სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
49 რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს.
50 კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.
10:1 და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.
2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292
მოწ.
2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,
2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.
4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.
6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.
7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.
8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,
9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52
მოწ.
15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.
18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.
19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.
21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.
22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.
23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.
24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.
25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.
26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.
27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.
16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.
2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.