კოლ. 3:17 – 4:1 · დას. 259
რიგისა
3:17 და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.
18 ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.
19 ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.
20 შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.
21 მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.
22 მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.
23 და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.
24 უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.
25 ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
4:1 უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.
ლკ. 9:44–50 · დას. 47
რიგისა
9:44 დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა.
45 ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს.
46 შევიდა მათდა გულის-სიტყუაჲცა: ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა?
47 ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა
48 და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
49 მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ.
50 ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213
ღირ.
5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.
6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.
2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
მთ. 11:27–30 · დას. 43
ღირ.
11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.
28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.