გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 41 კორ. 13:4 – 14:5 · დას. 154

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

1 კორ. 13:4 – 14:5 · დას. 154 · მთ. 20:1–16 · დას. 80 · საქ. 6:8 – 7:5, 47–60 · დას. 17 · მთ. 21:33–42 · დას. 87

15 აგვისტო 2035ხმა 7

მკითხველი

1 კორ. 13:4 – 14:5 · დას. 154

რიგისა

13:4 სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,

5 არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი,

6 არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;

7 ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.

8 სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.

9 რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ.

10 ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.

11 ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.

12 რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.

13 ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.

14:1 შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ.

2 რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.

3 ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.

4 რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს.

5 მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.

მთ. 20:1–16 · დას. 80

რიგისა

20:1 რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა.

2 და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა.

3 და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად,

4 და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ.

5 ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე.

6 ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?

7 ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ.

8 და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან ვიდრე პირველთამდე.

9 მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი.

10 მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი.

11 ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს

12 და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე.

13 ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?

14 მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.

15 ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.

16 ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.

საქ. 6:8 – 7:5, 47–60 · დას. 17

პირველმოწ.

6:8 ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის.

9 აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა,

10 და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი.

11 მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა.

12 და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,

13 და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,

14 რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.

15 და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.

7:1 ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?

2 ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:

3 გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.

4 მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.

5 და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი.

47 ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.

48 არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს:

49 ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?

50 ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?

51 ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.

52 რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით,

53 რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ.

54 ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა.

55 ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა.

56 და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა.

57 ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;

58 და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.

59 და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი.

60 დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.

მთ. 21:33–42 · დას. 87

პირველმოწ.

21:33 სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.

36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.

38 ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.

39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.

40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ?

41 ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.

42 ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.