გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 6ებრ. 9:8–10, 15–23 · დას. 321

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ებრ. 9:8–10, 15–23 · დას. 321 · ლკ. 21:12–19 · დას. 106 · ებრ. 10:1–18 · დას. 323 · ლკ. 21:5–7, 10–11, 20–24 · დას. 104 · ებრ. 7:26 – 8:2 · დას. 318 · ინ. 10:9–16 · დას. 36

20 დეკემბერი 2034ხმა 4

მკითხველი

ებრ. 9:8–10, 15–23 · დას. 321

სამშაბათის რიგისა

9:8 და ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისღა კარვისაჲ აქუნდა წესი.

9 რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად შემწირველთა მათ,

10 გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა.

15 და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუა-მდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა.

16 რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას,

17 რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი.

18 ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა.

19 რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის

20 და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან.

21 თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად სისხლი ასხურის.

22 და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლის დათხევისა არა იყო მოტევებაჲ.

23 საჭიროა არს უკუე, ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ.

ლკ. 21:12–19 · დას. 106

სამშაბათის რიგისა

21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.

ებრ. 10:1–18 · დას. 323

რიგისა

10:1 რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.

2 უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,

3 არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,

4 რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა.

5 ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე.

6 საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე.

7 მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა.

8 ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან,

9 მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს.

10 რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.

11 და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა.

12 ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა

13 და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.

14 რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს,

15 ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის,

16 ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი

17 და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.

18 ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.

ლკ. 21:5–7, 10–11, 20–24 · დას. 104

რიგისა

21:5 და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:

6 ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

7 ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?

10 მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;

11 და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.

20 რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.

21 მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.

22 რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.

23 ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა.

24 და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.

ებრ. 7:26 – 8:2 · დას. 318

წმ.

7:26 რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ.

27 რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა.

28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.

8:1 ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,

2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.

ინ. 10:9–16 · დას. 36

წმ.

10:9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.