გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 6ეფ. 3:8–21 · დას. 223

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ეფ. 3:8–21 · დას. 223 · მკ. 11:23–26 · დას. 51 · ეფ. 4:14–19 · დას. 225 · მკ. 11:27–33 · დას. 52 · ეფ. 6:10–17 · დას. 233 · ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

20 სექტემბერი 2034ხმა 7

მკითხველი

ეფ. 3:8–21 · დას. 223

რიგისა

3:8 მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი

9 და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,

10 რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ

11 გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,

12 რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.

13 ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.

14 ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ,

15 რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,

16 რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,

17 დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,

18 სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,

19 ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.

20 ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,

21 მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

მკ. 11:23–26 · დას. 51

რიგისა

11:23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.

25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

ეფ. 4:14–19 · დას. 225

ხუთშაბათის რიგისა

4:14 რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,

15 არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,

16 რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.

17 ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,

18 დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.

19 რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.

მკ. 11:27–33 · დას. 52

ხუთშაბათის რიგისა

11:27 და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

28 და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?

29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:

30 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

32 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.

33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

ეფ. 6:10–17 · დას. 233

მოწ.

6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,

11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.

12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.

13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.

15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.

16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;

17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;

ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

მოწ.

15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.

21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.

22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.