გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 20:1–10 · დას. 63

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ინ. 20:1–10 · დას. 63 · 2 კორ. 9:6–11 · დას. 188 · ლკ. 7:11–16 · დას. 30 · საქ. 8:26–39 · დას. 20 · ლკ. 10:1–15 · დას. 50

24 ოქტომბერი 2032ხმა 1

მკითხველი

ინ. 20:1–10 · დას. 63

აღდგომის მე-7 სახარება

20:1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.

2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.

3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.

4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.

5 და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.

6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.

7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.

8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.

9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.

10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.

2 კორ. 9:6–11 · დას. 188

რიგისა

9:6 ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.

7 კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.

8 ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.

9 ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

10 ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.

11 ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.

ლკ. 7:11–16 · დას. 30

რიგისა

7:11 და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.

12 და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.

13 და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!

14 და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!

15 და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.

16 და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.

საქ. 8:26–39 · დას. 20

მოც.

8:26 ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.

27 და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ,

28 და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა.

29 ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.

30 და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?

31 ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.

32 ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

33 სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.

34 მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე?

35 აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს.

36 და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?

37 ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.

38 და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.

39 და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.

ლკ. 10:1–15 · დას. 50

მოც.

10:1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

2 და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

3 წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

6 და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.

7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა

9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

11 აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.

15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.