გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7მთ. 15:22–28 · დას. 62

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

მთ. 15:22–28 · დას. 62 · გალ. 3:15–22 · დას. 207 · მკ. 6:7–13 · დას. 23 · გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208 · მკ. 6:30–45 · დას. 25 · 2 კორ. 6:1–10 · დას. 181 · ლკ. 7:36–50 · დას. 33

10 სექტემბერი 2031ხმა 5

მკითხველი

მთ. 15:22–28 · დას. 62

ხსენებისა

15:22 და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.

24 ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

27 ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

გალ. 3:15–22 · დას. 207

რიგისა

3:15 ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა.

16 ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.

17 ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი.

18 რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.

19 აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?

20 ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.

21 აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.

22 არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.

მკ. 6:7–13 · დას. 23

რიგისა

6:7 და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.

8 და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.

9 და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.

10 და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.

11 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.

12 და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.

13 და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.

გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208

ხუთშაბათის რიგისა

3:23 ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.

24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.

25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.

26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.

28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.

29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.

4:1 ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.

2 არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.

3 ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.

4 ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,

5 რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.

მკ. 6:30–45 · დას. 25

ხუთშაბათის რიგისა

6:30 და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.

31 და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს.

32 და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.

33 და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.

34 და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.

35 და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.

36 განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს.

37 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.

38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.

39 და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა.

40 და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.

41 და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა.

42 და ჭამეს ყოველთა და განძღეს.

43 და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა.

44 და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.

45 და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.

2 კორ. 6:1–10 · დას. 181

მოწ.

6:1 ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.

2 რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.

3 ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,

4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა

5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა

6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,

7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,

8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;

9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;

10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.

ლკ. 7:36–50 · დას. 33

მოწ.

7:36 ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.

37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.

38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.

39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.

40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!

41 და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.

42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?

43 მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.

44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;

45 ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.

46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.

47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.

48 და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

49 და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?

50 ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!