გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5მკ. 16:9–20 · დას. 71

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

მკ. 16:9–20 · დას. 71 · რომ. 5:1–10 · დას. 88 · მთ. 6:22–33 · დას. 18 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · მთ. 4:25 – 5:12 · დას. 10

22 ივნისი 2031ხმა 2

მკითხველი

მკ. 16:9–20 · დას. 71

აღდგომის მე-3 სახარება

16:9 ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.

10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.

11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.

12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.

13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.

14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

15 და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.

16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.

17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,

18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.

20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.

რომ. 5:1–10 · დას. 88

რიგისა

5:1 აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,

2 რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა.

3 არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,

4 ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა.

5 ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.

6 რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა.

7 რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.

8 ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.

9 რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!

10 უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!

მთ. 6:22–33 · დას. 18

რიგისა

6:22 სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.

23 უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?

24 ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.

25 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?

26 მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?

27 ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

28 და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.

29 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.

30 უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?

31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?

32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.

33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

წმ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

მთ. 4:25 – 5:12 · დას. 10

წმ.

4:25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.

5:1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.

2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

3 ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.

5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

9 ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.

10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.

12 გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.