გალ. 2:21 – 3:7 · დას. 204
რიგისა
2:21 არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
3:1 ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?
2 ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
3 ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ?
4 ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!
5 აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
6 ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
7 უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი?
მკ. 6:1–7 · დას. 22
რიგისა
6:1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
2 და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?
3 ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი არა ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.
4 ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.
5 და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.
6 და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
7 და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
რომ. 8:28–39 · დას. 99
მოწ.
8:28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.
29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;
30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.
31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?
32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?
33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.
34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.
35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,
38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,
39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მთ. 10:16–22 · დას. 36
მოწ.
10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.