მკ. 16:9–20 · დას. 71
აღდგომის მე-3 სახარება
16:9 ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.
10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.
12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.
13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.
14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.
15 და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.
გალ. 6:11–18 · დას. 215
ჯვართამაღლების წინა კვირისა
6:11 აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.
12 რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.
13 რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.
14 ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.
15 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.
16 და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
17 ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.
18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.
ინ. 3:13–17 · დას. 9
ჯვართამაღლების წინა კვირისა
3:13 და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.
14 და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ.
15 რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
16 რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
17 რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.
2 კორ. 1:21 – 2:4 · დას. 170
რიგისა
1:21 რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,
22 და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.
23 ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.
24 არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.
2:1 და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.
2 რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?
3 და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.
4 რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.
მთ. 22:2–14 · დას. 89
რიგისა
22:2 ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.
3 და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
4 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.
5 ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.
6 ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.
7 ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
8 მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.
9 წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
10 და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
11 ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.
12 და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
13 მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
14 რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.
გალ. 4:8–21 · დას. 210
მართალ.
4:8 არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.
9 ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?
10 დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.
11 მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.
12 იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე.
13 ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;
14 და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.
15 რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,
16 ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ?
17 გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ.
18 ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,
19 შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.
20 ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.
21 მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?
ლკ. 8:16–21 · დას. 36
მართალ.
8:16 არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.
17 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18 იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19 მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20 უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
21 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.