1 კორ. 2:9 – 3:8 · დას. 127
რიგისა
2:9 არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
10 ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
11 რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
12 ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;
13 რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
14 ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
15 ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.
16 რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.
3:1 და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.
2 სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,
3 რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?
4 რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?
5 რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.
6 მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.
7 აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.
8 ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.
მთ. 13:31–36 · დას. 53
რიგისა
13:31 სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,
32 რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.
33 მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.
34 ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ.
35 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.
36 მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.
2 კორ. 6:1–10 · დას. 181
დიდმოწ.
6:1 ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.
2 რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.
3 ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,
4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა
5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა
6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,
7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,
8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;
10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
მკ. 5:24–34 · დას. 21
დიდმოწ.
5:24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.
25 და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.
26 და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.
27 და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,
28 რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე.
29 და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.
30 ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?
31 ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
32 და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.
33 ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.
34 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.