გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7ლკ. 6:17–23 · დას. 24

დღის საკითხავები

ზატიკი

ლკ. 6:17–23 · დას. 24 · საქ. 18:22–28 · დას. 41 · ინ. 12:36–47 · დას. 43 · გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213 · მთ. 11:27–30 · დას. 43 · 1 კორ. 4:9–16 · დას. 131 · ლკ. 10:1–15 · დას. 50

5 ივნისი 2030ხმა 5

მკითხველი

ლკ. 6:17–23 · დას. 24

ხსენებისა

6:17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,

18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.

20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

საქ. 18:22–28 · დას. 41

რიგისა

18:22 და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად,

23 და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.

24 ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.

25 ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი.

26 ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ.

27 და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ,

28 რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.

ინ. 12:36–47 · დას. 43

რიგისა

12:36 ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.

37 და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.

38 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

39 ამისთჳს ვერ ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია:

40 დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.

41 ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.

42 ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ.

43 რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.

44 ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.

45 და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.

46 მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.

47 და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.

გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213

ღირ.

5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,

23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.

24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.

25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.

26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.

6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

მთ. 11:27–30 · დას. 43

ღირ.

11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.

28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.

30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.

1 კორ. 4:9–16 · დას. 131

წმ.

4:9 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.

10 ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.

11 ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,

12 რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;

13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.

14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.

15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.

16 გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.

ლკ. 10:1–15 · დას. 50

წმ.

10:1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

2 და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

3 წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

6 და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.

7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა

9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

11 აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.

15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.