გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4რომ. 11:25–36 · დას. 107

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

რომ. 11:25–36 · დას. 107 · მთ. 12:1–8 · დას. 44 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · მთ. 4:25 – 5:12 · დას. 10

22 ივნისი 2029ხმა 2

მკითხველი

რომ. 11:25–36 · დას. 107

რიგისა

11:25 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს.

26 და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი.

27 და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.

28 სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს.

29 რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი.

30 რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა,

31 ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ.

32 რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს.

33 ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!

34 რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?

35 ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?

36 რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მთ. 12:1–8 · დას. 44

რიგისა

12:1 მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.

2 ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.

3 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?

4 ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?

5 ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?

6 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.

7 უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.

8 უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

წმ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

მთ. 4:25 – 5:12 · დას. 10

წმ.

4:25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.

5:1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.

2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

3 ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.

5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

9 ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.

10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.

12 გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.