კოლ. 3:17 – 4:1 · დას. 259
რიგისა
3:17 და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.
18 ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.
19 ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.
20 შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.
21 მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.
22 მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.
23 და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.
24 უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.
25 ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
4:1 უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.
ლკ. 11:42–46 · დას. 61
რიგისა
11:42 არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
43 ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.
44 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან.
45 მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ.
46 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.
გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213
ღირ.
5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.
6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.
2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
მთ. 4:25 – 5:12 · დას. 10
ღირ.
4:25 და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.
5:1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.
2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
3 ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
9 ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
12 გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.