გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4იაკ. 1:19–27 · დას. 51

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

იაკ. 1:19–27 · დას. 51 · მკ. 10:17–27 · დას. 45 · 2 ტიმ. 1:1–2, 8–18 · დას. 290 · ლკ. 10:1–15 · დას. 50

4 თებერვალი 2027ხმა 2

მკითხველი

იაკ. 1:19–27 · დას. 51

რიგისა

1:19 აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად.

20 რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის.

21 ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.

22 და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.

23 უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.

24 რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.

25 ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.

26 რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.

27 მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.

მკ. 10:17–27 · დას. 45

რიგისა

10:17 და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

18 ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ.

19 მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

20 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?

21 ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

22 ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.

23 და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.

24 ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!

25 უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

26 ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად?

27 მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

2 ტიმ. 1:1–2, 8–18 · დას. 290

მოც.

1:1 პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ,

2 ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

8 ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,

9 რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,

10 რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,

11 რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა.

12 რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.

13 სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა.

14 კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა.

15 უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი.

16 მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა;

17 არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.

18 მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.

ლკ. 10:1–15 · დას. 50

მოც.

10:1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

2 და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

3 წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

6 და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.

7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა

9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

11 აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.

15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.