1 ინ. 3:21 – 4:6 · დას. 73
რიგისა
3:21 საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
22 და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
23 და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
24 და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ.
4:1 საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.
2 ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს;
3 და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს.
4 თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან.
5 იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.
6 ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.
მკ. 14:43 – 15:1 · დას. 65
რიგისა
14:43 და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
44 ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.
45 და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას.
46 ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი.
47 და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.
48 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა.
49 დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.
50 მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
51 და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.
52 და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.
53 და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
54 ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.
55 ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს.
56 რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.
57 და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,
58 ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი.
59 და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.
60 და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?
61 ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?
62 ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
63 ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?
64 გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა.
65 და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.
66 და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.
67 და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.
68 ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.
69 და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.
70 ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.
71 ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.
72 და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.
15:1 და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.
1 ინ. 4:20 – 5:21 · დას. 74
ხუთშაბათის რიგისა
4:20 უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?
21 და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.
5:1 ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან.
2 ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
3 რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.
4 რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი.
5 რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ?
6 ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ.
7 რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან.
8 რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან.
9 უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს.
10 რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს.
11 და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს.
12 რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს.
13 ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა.
14 და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა.
15 რაჲცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან.
16 უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.
17 ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.
18 ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს.
19 ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.
20 ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ.
21 შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ.
მკ. 15:1–15 · დას. 66
ხუთშაბათის რიგისა
15:1 და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.
2 და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
3 და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად.
4 ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ!
5 ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.
6 და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან.
7 ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
8 და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
9 ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?
10 რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ.
11 ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.
12 ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?
13 ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე.
14 ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე.
15 ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
ებრ. 4:14 – 5:6 · დას. 311
მღვდლმოწ.
4:14 მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ.
15 რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.
16 მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.
5:1 რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით.
2 და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;
3 და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.
4 და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
5 ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ.
6 ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
მკ. 9:33–41 · დას. 41
მღვდლმოწ.
9:33 და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.
34 ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს?
35 და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.
36 და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ:
37 რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.
38 მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ.
39 ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.
40 რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.
41 რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292
მოწ.
2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,
2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.
4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.
6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.
7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.
8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,
9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
მთ. 10:16–22 · დას. 36
მოწ.
10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.
19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.
20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.
21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.